აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ვიზა გაუუქმა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, ეს გადაწყვეტილება მემარცხენე ლიდერის ნიუ იორკში გამართულ პროპალესტინურ აქციაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
„ბიბისის“ ცნობით, პეტრომ საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ნიუ-იორკში აქციის მონაწილეებს მეგაფონით ესპანურ ენაზე მიმართავს. მან მოუწოდა „მსოფლიოს ქვეყნებს“ შექმნან აშშ-ის ჯარზე უფრო დიდი არმია.
„ნიუ-იორკიდან, ვთხოვ ყველა ამერიკელ ჯარისკაცს, არ მიმართონ იარაღი კაცობრიობის წინააღმდეგ. არ დაემორჩილოთ ტრამპის ბრძანებას! დაემორჩილეთ კაცობრიობის ბრძანებას“, – განაცხადა პეტრომ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაცრად გააკრიტიკა მისი ქმედებები.
„დღეს კოლუმბიის პრეზიდენტმა ნიუ-იორკის ქუჩაში მოუწოდა ამერიკელ ჯარისკაცებს, არ დაემორჩილონ ბრძანებებს და წააქეზა ისინი ძალადობისკენ,“ – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
საპასუხოდ კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არმანდო ბენედეტიმ დაწერა, რომ ვიზა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის უნდა გაეუქმებინათ და არა პეტროსთვის.
კოლუმბიური მედიის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კოლუმბიის პრეზიდენტი პეტრო უკვე ბოგოტაში მიემგზავრებოდა.
მანამდე პეტრომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში ტრამპის ადმინისტრაციის კარიბის ზღვის რეგიონში ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართულ ნავებზე ავიადარტყმები „ტირანიის აქტს“ შეადარა.
„რადგან იმპერია მას იცავს, ანგარიშსწორება მოხდა ერთადერთ პრეზიდენტზე, რომელიც საკმარისად გაბედული აღმოჩნდა, რომ სიმართლე პირდაპირ ეთქვა“, – დაწერა კოლუმბიელმა მინისტრმა.