პაატა ბურჭულაძე აქციეს გარკვეულ შირმად იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლებისთვის შეეფუთათ ის ანტისახელმწიფოებრივი და რადიკალური მიზნები, რომელიც რეალურად გააჩნიათ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
„ტრაგიკომიკურ პერსონაჟთან გვაქვს საქმე. რეალურად პაატა ბურჭულაძე აქციეს გარკვეულ შირმად იმისათვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, მათ შორის საკუთარი ამომრჩევლებისთვის შეეფუთათ ის ანტისახელმწიფოებრივი და რადიკალური მიზნები, რომელიც რეალურად გააჩნიათ. ეს არის „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წიაღში წარმოშობილი ანტიეროვნული მიზნები, რომელიც ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.
მრჩება შთაბეჭდილება რომ ძალიან უხერხულად გრძნობს თავად თავს. ერთი მხრივ, კონკრეტული დავალება აქვს მიღებული, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს და მუდმივად საუბრობს 4 ოქტომბერზე და მგონი თავად აპირებს ხელისუფლება გადაიბაროს, რაც ღიმილის მომგვრელია. მეორე მხრივ, ეს ადამიანები კულისებში გადიან სცენარებს იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძალადობრივი გზით აქ პროცესების წარმართვა ვითომდა მშვიდობიან დამხობაზე. ახალაიას „საგმირო საქმეების“ შესახებ თუ გვაინტერესებს, შეგვიძლია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ჩავხედოთ, რომელიც პარლამენტში მომზადდა, რითაც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
„კურიერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ. ტელეკომპანიამ მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას სადარბაზოდან გამოდიან. მმართველი გუნდის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძე დავალებებს ბაჩო ახალაიასგან იღებს.