,,ამ უნივერსიტეტის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ, საგანმანათლებლო პროცესის გარდა, კიდევ შეუძლიათ რაღაც სხვა არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა გიული ალასანიას უნივერსიტეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკანონო ქონების მითვისების შემდეგ, კიდევ არასახელმწიფოებრივი ქმედებები მათთვის უკვალოდ ჩაივლის, ძალიან ცდება.
“ამ უნივერსიტეტის მესვეურებმა ჩათვალეს, რომ, საგანმანათლებლო პროცესის გარდა, კიდევ შეუძლიათ რაღაც სხვა არაკანონიერი ქმედებები ჩაიდინონ. დაიწყეს ჯერ ფრანკლინის კლუბით, სადაც ამზადებენ ამ რადიკალური განწყობის ახალგაზრდებს და თავში უტენიდნენ ათას სისულელეს, ახლაც არ დაანებეს თავი და ამ უნივერსიტეტის გამოყენება ხდება ახალი ტალღის რადიკალების მოსამზადებლად. ეს სქემაც გაშიფრულია, მათი დაფინანსების ამ უნივერსიტეტიდან გავლის სქემაც გაშიფრულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკანონო ქონების მითვისების შემდეგ, კიდევ არასახელმწიფოებრივი ქმედებები მათთვის უკვალოდ ჩაივლის, ძალიან ცდება. ვურჩევ, ყოფილი პრეზიდენტის დედას, აღარ გააგრძელოს ეს ქმედებები, ისედაც ეყოფა რაც აქვს ჩადენილი და, რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ,” – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
„კურიერის“ ინფორმაციით, რადიკალური პროცესების დაფინანსების ახალი სქემა არსებობს – ამერიკული ფარას ქართული ანალოგის ამოქმედების შემდეგ, უცხოური თანხების დიდი ნაწილი ახალგაზრდების გადამზადებას სხვა ფორმით ხმარდება.
გიული ალასანიას უნივერსიტეტი გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით ფინანსების აკუმულირებას ახდენს და ფრანკლინის კლუბის ბაზაზე შექმნილ სასწავლო ცენტრში აქციებისთვის სტუდენტებს ატრენინგებს.