საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
აღმოჩნდა, რომ საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9 სათამაშო ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებას D-2-Etilhexilftalat-ს შეიცავს. ამ ნივთიერების შემცველი სათამაშოები ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია.
უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა სათამაშოების უსაფრთხოებას ვერ აკონტროლებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, სახალხო დამცველის აპარატი საინფორმაციო კამპანიას “უსაფრთხო სათამაშო”-ს დაიწყებს. კამპანიის ფარგლებში გაიმართება ღონისძიებები მოქალაქეებში ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე დაგეგმილია სათამაშოების წარმოებისა და ბაზრისთვის მათი მიწოდების ზედამხედველობის მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვა. კამპანიის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ.