ეს არ არის მხოლოდ ომის დასრულება, ეს არის ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული, უფლის რწმენისა და იმედის დასაწყისი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ორი საშინელი წლის სიბნელისა და ტყვეობის შემდეგ 20 მამაცი მძევალი უბრუნდება თავიანთ ოჯახებს და ეს დიდებულია. 28 ძვირფასი ადამიანი ასევე ბრუნდება სახლში, რათა განისვენონ ამ წმინდა მიწაზე სამუდამოდ. ამდენი წლის განუწყვეტელი ომისა და დაუსრულებელი საფრთხის შემდეგ, დღეს ცა მშვიდია, იარაღი ჩუმია, განგაშის სირენები დადუმებულია და მზე ამოდის წმინდა მიწის თავზე, სადაც საბოლოოდ მშვიდობამ დაისადგურა ამ მიწაზე და რეგიონში, რომელიც, უფლის ნებით, სამუდამოდ იცხოვებს მშვიდობიანად.
ეს არ არის მხოლოდ ომის დასრულება, ეს არის ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრული და უფლის რწმენისა და იმედის დასაწყისი. ეს არის დიდი თანხმობისა და ხანგრძლივი ჰარმონიის დასაწყისი ისრაელისთვის და ყველა ერისთვის იმ რეგიონში, რომელიც მალე ნამდვილად დიდებული გახდება. მე ამის მტკიცედ მჯერა. ეს ახლო აღმოსავლეთისთვის ისტორიული განთიადია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა მადლიერება გამოხატა ბენიამინ ნეთანიაჰუსადმი, „განსაკუთრებულად მამაცი და პატრიოტი კაცისადმი, რომლის პარტნიორობამ ბევრი გააკეთა, რათა ეს დღე შესაძლებელი ყოფილიყო“.
„უნდა გითხრათ, რომ მასთან საქმის დაჭერა მარტივი არ არის, თუმცა სწორედ ეს ხდის მას დიდებულს. დიდი მადლობა, ბიბი. შესანიშნავი სამუშაოა. ასევე მინდა, გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება არაბული და მუსლიმური მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც გაერთიანდნენ „ჰამასზე ზეწოლის“, მძევლების გათავისუფლებისა და მათი სახლში დაბრუნების მიზნით. ჩვენ დიდი დახმარება მივიღეთ. ჩვენ ბევრი ისეთი ადამიანისგან მივიღეთ დახმარება, რომელთა შესახებაც ვერ წარმოიდგენდით და ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ეს წარმოუდგენელი ტრიუმფია ისრაელისა და მსოფლიოსთვის, რომ ყველა ეს ქვეყანა ერთად მუშაობს, როგორც პარტნიორი. საკმაოდ უჩვეულოა ამის დანახვა, მაგრამ ასე მოხდა ამ შემთხვევაში. ეს იყო ძალიან უჩვეულო, ბრწყინვალე მომენტი. თაობების შემდეგ ეს დაამახსოვრდებათ, როგორც მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა და ძალიან შეიცვალა უკეთესობისკენ. როგორც ამჟამად აშშ-ისთვის, ეს იქნება ოქროს ხანა ისრაელისთვის და ოქროს ხანა ახლო აღმოსავლეთისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.