ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მიზანია იმ მომენტის მიღწევა, როდესაც ვლადიმირ პუტინი, როგორც ომის ინიციატორი, დაიწყებს შინაარსობრივ მოლაპარაკებებს ომის დასრულების თაობაზე.
რუტეს კერძოდ ჰკითხეს, უჭერს თუ არა მხარს შეერთებული შტატების მიერ Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისათვის მიწოდებას.
მისი თქმით, ალიანსის თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ თავად უნდა გააკეთოს კომენტარი პოტენციურ გადაწყვეტილებებზე.
„ამ საკითხში არ ჩავერევი, რადგან ეს თითოეულ ცალკეულ მოკავშირეზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყველგან, სადაც შეგვიძლია. მე პირადად კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ ტრამპთან. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა პარასკევს შედგება. რადგან საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან აღმოჩნდეს, დაიწყოს შინაარსობრივი მოლაპარაკებები და შეწყვიტოს ეს საშინელი ომი. დასასრული უნდა იყოს გრძელვადიანი“, – დასძინა რუტემ.