აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მზადების დეტალები განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის მოსაზრებები გაიცვალა გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხზე, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მხარეებმა ის ნაბიჯები განიხილეს, რომლებმაც შესაძლოა, რუსეთს ომის დასრულება აიძულოს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელესკის შორის შეხვედრა 17 ოქტომბერს იგეგმება. მედია ვარაუდობს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების საკითხი იქნება.