საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ოჯახის წევრების მიერ ალუდა ლიპარტელიანის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მიმართვისთანავე, საქართველოს საკონსულო ქ. ბარსელონაში მუდმივ კავშირში იმყოფებოდა ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციიდან ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ გამოძიების წარმოების თაობაზე.
„28 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პიროვნება გარდაიცვალა დაახლოებით თვენახევრის წინ, რაც ემთხვევა მისი გაუჩინარების თარიღს.
ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საკონსულო ბარსელონაში ოჯახის წევრებთან კოორდინაციით დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის საქართველოში გადასვენების პროცესის დაწყების მიზნით.
სამწუხაროდ, დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედრის მდგომარეობის გამო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება ვერ ხერხდება. კერძოდ, ცხედარზე არ ზემოქმედებს არც ერთი სპეციალური საშუალება. შესაბამისად, უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე, ესპანური მხარე არ იძლევა თანხმობას, რათა განხორციელდეს ცხედრის ტრანსპორტირება საჰაერო გზით.
ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით და საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.