ლატვიის პარლამენტი პირველია ევროკავშირში, რომელმაც სტამბოლის კონვენციიდან გასვლას დაუჭირა მხარი. აღნიშნული კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვას ისახავს მიზნად. 29 ოქტომბრის საღამოს, რიგაში, პარლამენტის შენობასთან, კონვენციიდან გასვლა დაახლოებით 5 000-მა ადამიანმა გააპროტესტა, რაც პოლიციის განცხადებით, ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო.
სააგენტო „ფრანს პრესის“ განმარტებით, ევროპის საბჭოს კონვენცია, რომლის რატიფიცირება ლატვიამ 2023 წელს მოახდინა, ხელმომწერებისგან მოითხოვს ისეთი კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
თუმცა, სააგენტოს მტკიცებით, ბოლო წლებში ულტრაკონსერვატიული ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები მთელ ევროპაში აკრიტიკებდნენ კონვენციას, რადგან მიიჩნევენ, რომ ის ხელს უწყობს „გენდერულ იდეოლოგიას“, ახალისებს სექსუალურ ექსპერიმენტებს და ზიანს აყენებს ბავშვებს.
ოპონენტები გენდერის განმარტებას აკრიტიკებენ
„კონვენციის ლატვიელი მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ გენდერის, როგორც სოციალური კონსტრუქციის შესახებ დოკუმენტში შეტანილი განმარტება ბიოლოგიურ სქესს სცდება. მათი მტკიცებით, გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოსაფხვრელად, არსებული ეროვნული კანონებიც საკმარისია“, -წერს „როიტერი“.
ლატვიელმა კანონმდებლებმა კონვენციიდან გასვლა 56 ხმით მოიწონეს, 32 წინააღმდეგი იყო, ორმა კი თავი შეიკავა.
კონვენციიდან გასვლას ხმა მისცეს მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების წევრმა დეპუტატებმა, ასევე „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც მემარჯვენე-ცენტრისტი პრემიერ-მინისტრის, ევიკა სილინას მეთაურობით ჩამოყალიბებული მმართველი კოალიციის სამი ჯგუფიდან ერთ-ერთის წარმომადგენლები არიან. კოალიციაში შემავალმა დანარჩენმა ორმა პარტიამ კონვენციის გასვლის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ლატვია, შესაძლოა, გახდეს ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელიც კონვენციიდან გავა
„თუ ქვეყნის პრეზიდენტი გადაწყვეტილებას დაამტკიცებს, ლატვია გახდება ევროკავშირის პირველი წევრი სახელმწიფო, რომელიც კონვენციიდან გავა“, – განაცხადა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში, საარა-სოფია სირენმა, რომელმაც ოფიციალურ რიგას საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემისკენ მოუწოდა. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ლატვიის მემარჯვენე პარტიები დგანან აბორტის შესახებ კანონში ცოტა ხნის წინ ინიცირებული ცვლილებების უკანაც, რომელიც ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში აბორტზე ხელმისაწვდომობას შეზღუდავს.
როგორც „ასოშიეითიდ პრესი“ იუწყება, კონვენციიდან გასვლის საკითხში ოპოზიციური ძალებისა და მმართველი პარტიის დეპუტატების ერთ პოზიციაზე დგომა ხაზს უსვამს იმ ბზარების არსებობას, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სამთავრობო კოალიციაში შეიმჩნევა.
პრეზიდენტმა, შესაძლოა, რეფერენდუმის დანიშვნის პროცედურა დაიწყოს
კონვენციიდნ გასვლის საკითხზე პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი არჩევანის წინაშე დადგა. სახელმწიფოს მეთაურს რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის – კანონის პარლამენტში დაბრუნება ან, გარკვეულ გარემოებებში, რეფერენდუმის დანიშვნის პროცედურის დაწყება.
სტამბოლის კონვენცია, რომელიც ევროპის საბჭომ 2011 წელს შეიმუშავა, რატიფიცირებულია 37 ქვეყნის (მათ შორის, საქართველოს -რედ.) მიერ, ხელი კი 45-ს აქვს მოწერილი.
„როიტერის“ ცნობით, ლატვია თურქეთის შემდეგ მეორე ქვეყანა ხდება, რომელიც კონვენციიდან გადის, რისთვისაც 2021 წელს ევროკომისიამ ოფიციალური ანკარა მკაცრად გააკრიტიკა.
