საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე 20 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის უნივერსიტეტისთვის დაბრუნებას მოითხოვს.
მისი განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა არ უნდა ინერვიულონ, რადგან გურგენიძის შეფასებით საკითხის სამართლებრივად გარკვევა მათთვისაც მისაღები უნდა იყოს.
„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც პირველი პირი უდიდესი ისტორიის მქონე ინსტიტუციას – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ფაქტობრივად 25%-ს, როგორც ჩვენი ქვეყნის არის ოკუპირებული, ისე წაართმევდა და გადასცემდა თავის ოჯახს. დღეს საკითხი დგას იმაზე, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი. საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებლები ნუ ნერვიულობენ, მათთვისაც ხომ კარგია ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა შენობა-ნაგებობები, დაკარგა ავტორიტეტი ავტორიზაციის შეჩერებით, დაკარგა მრავალი სტუდენტი და 20 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავალი, ჩვენ ახლა ვდგებით ნელ-ნელა ფეხზე“, – განაცხადა დავით გურგენიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.
პროკურატურამ გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტისთვის“ შენობის უკანონო პრივატიზების ფაქტზე გამოძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ტექნიკური უნივერსიტეტი პროკურატურისგან მოითხოვს, რომ ქონებას, რომელიც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოჯახმა მიიტაცა, ყადაღა დაადონ, რადგან გამოძიების პროცესში გიული ალასანიამ, მისმა მეგობარმა მანანა სანაძემ და ძმისშვილმა, ნიკოლას ალასანიამ სხვაზე არ გადააფორმონ.
