რაც მოიგეს და რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?! მათი დამსახურებაა, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისივე თქმით, ოპოზიცია არსებულ რეალობას დიდი ხანია, შეგუებულია. დავითულიანს მიაჩნია, რომ ოპოზიცია საკუთარ აქტივს კეთილსინდისიერად არ ექცევა, მათ კარგად იციან, რომ არც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულა და ხალხი ქუჩაში ხმაურის შესაქმნელად გამოიყვანეს.
„ისიც კარგად იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებიც წააგეს. ბოიკოტის რეჟიმი რომ წამგებიანი იყო, ეს ჯერ კიდევ 2012 წლამდე, როდესაც ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გავიდა ბოიკოტში, მაშინაც დადასტურდა, რომ ინსტრუმენტულადაც ბოიკოტი წამგებიანია ოპოზიციისთვის და მით უმეტეს, როდესაც ეს ბოიკოტი არის უსამართლო. ეს ბოიკოტი, რაშიც ოპოზიციონერები საპარლამენტო არჩევნების მერე გავიდნენ, იყო უსამართლო, რადგან არჩევნები არ გაყალბებულა, მათ ეს ზუსტად იცოდნენ, უბრალოდ, მათ ჰქონდათ ორკესტრირებული, გარეთ შეთანხმებული სტრატეგია, რომ ქვეყანა უნდა ეტარებინათ რევოლუციური გზით, რადგან არეულ მსოფლიოში დღეს არავის აწყობს საქართველოში აი, ასეთი სტაბილურობა, ასეთი სიმშვიდე და ის, რომ ქვეყანა თვითონ წყვეტს, რა არის მისთვის მისაღები და რა არის მისთვის წითელი ხაზი“, – განაცხადა დავითულიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ საკუთარი ამომრჩევლის მიმართ კეთილსინდისიერი ქცევა იქნებოდა, თუ გაყალბების შემთხვევაში ფაქტებს წარადგენდა.
„მაშინ, როდესაც თავად დადიხარ და ამტკიცებ, რომ ელექტრონულად არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, შემდეგ რეალურ საჩივარს არ წერ, გამოდიხარ და ხალხს ეუბნები, შენს ამომრჩეველს, რომ ეს მაინც მოხდა, ან მიგაჩნია, რომ ის სულელია, ან მიგაჩნია, რომ არა უშავს, მოვატყუებ“, – აღნიშნა დავითულიანმა.
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დავითულიანმა ოპოზიციის განცხადებებიც გაიხსენა.
„ეს ისეთი რთული სპეცოპერაციაა, რომ ამას ჩვენ ვერ ამოვხსნითო, ვერც საბუთს დავდებთ, მაგრამ მაინც გაყალბდაო, რადგან ჩვენ ვამბობთ ასეო. ასე ხომ პოლიტიკა არ ხდება?! შენს სიტყვას ვალიდურობა ხომ უნდა ჰქონდეს?! რაც მოიგეს და რაც დაიმსახურეს, ზუსტად იმ დოზით არიან თვითმმართველობაში წარმოდგენილი. ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. არც ჩვენთვისაა კარგი, რადგან ვიღაც ჯანსაღ ოპონირებას უნდა ეწეოდეს, მაგრამ რა ვქნათ?! მათი დამსახურებაა. ოპოზიციის როლშიც ჩვენ თვითონ ხომ არ ჩავდგებით ჩვენს თავთან?! რაც დაიმსახურეს, ზუსტად ის მოიმკეს“, – დასძინა დავითულიანმა.
