რთულია იმის თქმა, რა სტრატეგია აქვს არჩეული სააკაშვილს, აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი – გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირები არიან.
„ოპოზიციის ყოველგვარი გაერთიანება აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ მათი პატრონები ჩამოყალიბდნენ, გამიჯნონ, „ნაცმოძრაობა“ „ლელო“-სგან და გახარიასგან, რადგან თავიანთი წარსული ვერ ჩამორეცხეს. ახლა ფსონი გახარიას პარტიასა და „ლელო“-ზეა დადებული. ეს ამ პარტიებს შორის ბუნებრივ დაპირისპირებას იწვევს. სააკაშვილის სტატუსიც ამას ცხადყოფს. ისინი ქვეყანას ასეთი ზიზღით და სიძულვილით მართავდნენ. ეზიზღებოდათ არა მხოლოდ ყველაფერი ქართული, არამედ საკუთარი შემადგენლობაც. სააკაშვილი-გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთნაირები არიან. ახლა ასეთი არაკაცები ერთმანეთზე ჭორაობენ, ისინი ჩვეულებრივი „ნაცები“ არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის რას დააბრალებს. რა სტრატეგია აქვს სააკაშვილს არჩეული, ამის თქმა რთულია, აგონიაშია. ჩვენთვის მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საჭიროა გაერთიანება.
„ახლა მაინც გვმართებს ყველას საკუთარ შეცდომებზე სწავლა და გაერთიანება. არ უნდა დავემსგავსოთ რუსულ ოპოზიციას, რომელიც პუტინის ოპონირებიდან გადართულია ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე. მე, ჩემი მხრივ, არაერთხელ დამივიწყებია სხვადასხვა შეტევა ჩემზე. ახლაც შეგნებულად არ დავასახელე რომელიმე მოქმედი პოლიტიკოსი და მომავალშიც მზად ვარ, გადავხაზო ყველა უთანხმოება და სხვებთან ერთად ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ტყუილად კი არ დავაწერე საქართველოს გერბს საკუთარი ხელით – „ძალა ერთობაშია““, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
