შეფასების თანახმად, ბრიუსელში, არაადეკვატურ საცხოვრებელ პირობებში, 10 000 ადამიანი იმყოფება. მათი უნარ-ჩვევები და ცხოვრების გზა ძალიან განსხვავებულია. თუმცა, მარტოხელა კაცებს, ბავშვებიან ოჯახებს თუ ახალგაზრდა გოგონებს ერთი რამ მაინც აერთიანებთ – ეს არის ზამთარში ღია ცის ქვეშ ძილის საფრთხე.
ზამთრის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, უსახლკაროთა დახმარების ორგანიზაციები განგაშს ტეხენ. ეს, უპირველესად, ითქმის „Samu social“-ზე – ბელგიის დედაქალაქში უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფის უმსხვილეს დაწესებულებაზე. მის შენობებში 2 000 ადამიანია განთავსებული. „უკვე რამდენიმე კვირაა, ჩვენი ყველა ცენტრი თითქმის სრულად არის დატვირთული. ზაფხულის დადგომიდან მოყოლებული, მოთხოვნის აშკარა ზრდა შეიმჩნევა, მაგრამ ბევრს უარით ვისტუმრებთ, რადგან ჩვენი შესაძლებლობები თითქმის არ იცვლება“, – ამბობს Samu social“-ის გენერალური მენეჯერი, სარა ლიამჩინი.
ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და მტკივნეულია მაშინ, როდესაც საქმე ოჯახებზე ზრუნვას ეხება. სექტემბრის შემდეგ, „Samu social“-ს 2 000-ზე მეტი ოჯახისთვის მოუწია უარის თქმა. „გასაოცარი ის არის, რომ 1 000-მა ადამიანმა, ვინც უკან გავაბრუნეთ, გვითხრა, რომ თავშესაფარი ცხოვრებაში პირველად მოითხოვა“, – აღნიშნა სარა ლიამჩინმა. „Samu social“-ის ხელმძღვანელი ბენეფიციარების გაახალგაზრდავებაზეც ამახვილებს ყურადღებას. „ზოგიერთი მარტოხელა ქალი, რომელიც უარით გავისტუმრეთ, ოც წელს ახლად გადაცილებულია. ჩვენ განგაშს ვტეხთ. არ გვინდა, რომ ოჯახებმა ზამთარი პარკებში გაატარონ და ბავშვებს ღია ცის ქვეშ ეძინოთ“.
განსხვავებული ვითარება სხვადასხვა სოციალური კატეგორიისთვის
ზამთარში ღია ცის ქვეშ ძილის რისკის ფონზე, თითოეული სოციალური კატეგორიის მდგომარეობა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, მარტოხელა მამაკაცისა და ბავშვებიანი ოჯახის შემთხვევაში, ზრუნვა ერთნაირი არ არის.
რაც შეეხება ამადუს (სახელი შეცვლილია), ის რჩება ცენტრში, რომელსაც ადრე „Belrefugee“ მართავდა. ცენტრი ოფიციალურად 31 ოქტომბერს დაიხურა. 300-მდე მობინადრიდან 220-ის სხვაგან განთავსებაა საჭირო. ამადუს დატოვებაც შეიძლებოდა, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე თვით, ვიდრე სხვა მუდმივ საცხოვრისს იშოვიდა. თუმცა, მან, ასამდე სხვა უსახლკაროსთან ერთად, ცენტრის უკანონოდ დაკავება გადაწყვიტა. „ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – ამბობს ამადუ.
„ნოემბრის აღწერამ აჩვენა, რომ ბრიუსელში, მძიმე საბინაო პირობებში, თითქმის 10 000 ადამიანი იმყოფებოდა. ნათელია, რომ 300 ადგილის დაკარგვა ვითარებას კიდევ უფრო ართულებს“, – განმარტავს „Belrefugee“-ს ოპერატიული დირექტორი, ფაბიენ დე ლევალი.
მაშინ, როდესაც ზოგიერთი მიმღები ცენტრი იხურება, პარალელურად, ახლები იხსნება. ასეთია, მაგალითად, ანდერლეხტში გახსნილი „მარია კიურის სახელობის წითელი ჯვრის ცენტრი“. ის გაჭირვებაში მყოფ ოჯახებზეა გათვლილი. ნოემბრის ბოლოსთვის ცენტრი 185 ადამიანის შეფარებას შეძლებს. „ოჯახების შეფარებაზე დიდი მოთხოვნაა და როდესაც ზამთრის პერიოდი დადგება, თავშესაფრების საჭიროება კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან რთულია, როცა პატარა ბავშვები, ჩვილები და მშობლები ქუჩაში არიან“, – განმარტავს „მარია კიურის სახელობის წითელი ჯვრის ცენტრის“ დირექტორი რომან დევრესი.
