„ინსულინის ხელმისაწვდომობაზე შეფერხება არ არსებობს და არც შეიქმნება – პაციენტების ინტერესი არის უპირატესობა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მისი განმარტებით, დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, სრულად უზრუნველყოფილია ფრანგული კომპანიის, SanofiAventis-ის მიერ წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჭარბად მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, ინსულინის მომარაგებასთან დაკავშირებით. დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი, მათ შორის და უპირველესად ცხადია ბავშვები, სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის, SanofiAventis-ის წარმოებული საშუალებით, ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს არაერთი ევროპული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც არსებობს და არც შეიქმნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
უწყების ხელმძღვანელმა, ასევე განმარტა, თუ რატომ არ მოხდა „ნოვო ნორდისკის“ მიერ წარმოებული სამკურნალო საშუალების დროული მოწოდება.
„მინდა აღვნიშნო, თუ რამ გამოიწვია გარკვეული მცდარი ინფორმაციის გავრცელება. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება, ეს არის ინსულინი, რომელსაც აწარმოებს დანიური კომპანია „ნოვო ნორდისკი“. 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან. სამწუხაროდ, კომპანიამ პირველ ჯერზეც, ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. დღემდე ეს ვალდებულება მათი მხრიდან შეუსრულებელია. განვიხილავდით მათ მიერ შემოთავაზებულ ყველა შესაძლო ვერსიას, თუმცა დღემდე, ე.ი. დასაწყისიდან მოყოლებული ეს კომპანია უხეშად არღვევს ნაკისრ ვალდებულებებს. ჩავთვალეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მენეჯმენტის შედარებით დაბალი რგოლების მიზეზით, რომლებიც სამწუხაროდ ზოგჯერ „ოზემპიკის“ რეალიზაციით უფრო მეტად არიან დაკავებულები.
პირადად გავემგზავრე და შევხვდი მათ ოქტომბერში, რომლებიც დაგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში მოხდებოდა მარაგის შევსება და ვალდებულებების შესრულება. ახლაც, დღესაც, ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მოწოდება.
მიუხედავად ამისა, დღემდე მათი მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა. ჩვენ ვითვალისწინებთ მათი პროდუქტის მიმართ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა, მათ მშობელთა კეთილგანწყობას და ამიტომ ვცდილობთ არ მივიღოთ ხისტი გადაწყვეტილებები. ვიმეორებ, მხოლოდ უშუალოდ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესების გათვალისწინებით ვიქცევით ასე“,-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და დიაბეტის მქონე პაციენტების უწყვეტი უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის მედიკამენტებით. მისივე განმარტებით, სახელმწიფოს თანამშრომლობა იმ კომპანიებთან გაგრძელდება, რომლებიც პაციენტების ინტერესებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ჩვენი ინტერესის საგანი ჩვენი მოსახლეობის დაცვაა. ამიტომ ბუნებრივია, არ მსურს იძულებული ვიყო, მივიღო ხისტი გადაწყვეტილებები ამ კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით. მათი პროდუქტი ნამდვილად მოსწონთ ჩვენს პაციენტებს, ჩვენ ვართ და ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ ქართველი პაციენტების მხარეს. თუ რომელიმე მომწოდებელი პრიორიტეტად არ განიხილავს ქართველ პაციენტს, ბუნებრივია, რომ მასთან თანამშრომლობა მარტივი ვერ იქნება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც პირველ ადგილზე ჩვენს მოქალაქეს და მის საჭიროებებს დააყენებენ. ვეცდები, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს ისე, რომ ინსულინის მიწოდება ქართველი პაციენტებისთვის შეუფერხებლად გაგრძელდეს. მერწმუნეთ, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს სწორედ ასე იყოს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
