„ჩვენ განუხრელად მივდივართ იმ რეფორმებისაკენ და ახალი რეგულაციების დანერგვისაკენ, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს 2028 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო მეტად ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისათვის“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის საპასუხოდ.
„ხელისუფლება აგრძელებს კურსს, რაც მდგომარეობს პრაგმატული მშვიდობისათვის და უსაფრთხოებისთვის ორიენტირებული საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში. ეს ასევე გულისხმობს ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ცენტრში იმ რეფორმების განხორციელებას, რომელთა ვალდებულება ჩვენ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გვაქვს აღებული. ეს პროცესი არცერთი დღით არ გაწყვეტილა. ჩვენ განუხრელად მივდივართ იმ რეფორმებისაკენ და ახალი რეგულაციების დანერგვისაკენ, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს 2028 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო მეტად ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისათვის, იმიტომ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეს არ არის ზოგიერთი ევრობიუროკრატის ხმამაღალი განცხადება. ეს არის მთელი რიგი ტექნიკური და ობიექტური კრიტერიუმი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ნებისმიერმა ქვეყანამ, რომ შეძლოს ევროკავშირის ერთიან ბაზაზე ინტეგრირება.
ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება და შემდგომში დამოკიდებული იქნება ევროკავშირისა და ევროკომისიის ბიუროკრატების კეთილსინდისიერებაზე, იმაზე, თუ რამდენად სწორად შეაფასებენ ვითარებას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშკარაა ანგარიში შედგენილია იმ პოლიტიკური დღის წესრიგით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოზე ზეწოლას, რათა ქვეყანა ჩაერთოს საომარ მოქმედებებში. „ყველას შევახსენებ, რომ 2022 წელს, როდესაც საქართველოს უსამართლოდ არ მისცეს სტატუსი, მაშინ ის ყველა კრიტერიუმით წინ იყო მოლდოვასა და უკრაინაზე. ასე რომ, ეს გაფართოების ანგარიში თავიდან ბოლომდე არის აგებული სიცრუეზე. ისეთი გაზომვადი კრიტერიუმებითაც კი, რომელსაც ვერ მოიტყუებენ, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს სექტორულ თანამშრომლობაში და ეკონომიკურ პარამეტრებში. ამ შეფასებებში კი, ევროკავშირის მხარე საქართველოს ქებაში ძალიან სიტყვაძუნწი იყო.
ამგვარად, მათი ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს მოსახლეობის მშვიდობა და უსაფრთხოება დავიცვათ. ეს არის მხოლოდ ამისთვის გადადგმული ნაბიჯი და ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველო ჩართონ იმ გაუმართლებელ ომში, რომელმაც დღესდღეობით გამოიწვია უკრაინის, როგორც ეკონომიკის, ასევე ქვეყნის მთლიანი ჩამოშლა და განადგურება“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
