სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადო სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, სააკაშვილმა რაც არ უნდა წეროს და იკითხოს, არავის აინტერესებს.
„ჩვენ კარგად ვიცით, სააკაშვილი რას წარმოადგენს. ეს ადამიანი, რომელმაც მისი მმართველობის პერიოდში ათასობით დანაშაული ჩაიდინა, პირადად ის და მისი რეჟიმი, რომელიც არის დეკლარირებულად კრიმინალური და დანაშაულებრივი, დღეს მორალური პედასტალიდან რაღაცებს გვესაუბრება. ეს არის კატეგორიულად აღმაშფოთებელი. მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაულები, რაზეც არის მსჯავრდებული და მისი რეჟიმი, რომელმაც მათ შორის 7 ნოემბრით დეკლარირებულად დაიდგა ბოროტების გვირგვინი, როგორც მმართველმა. ეს უნდა იყოს მაგალითი აბსოლუტურად ყველა ხელისუფლებისთვის.
დღეს გვესაუბრება რაღაც დაყოფაზე, ერთიანობაზე და რაღაც მორალურ საკითხებზე. ჯერ კიდევ 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ სააკაშვილს და მის რეჟიმს გასცა პასუხი და ეს პასუხი იყო საბოლოო, რომ ის ვერასდროს დაბრუნდება საქართველოს ხელისუფლებაში. არასდროს დადგება საქართველოში დრო, რომ ძალადობრივი და დანაშაულებრივი რეჟიმი დაბრუნდეს ქვეყანაში. მისი განცხადება არის გუშინდელი ახალი ბრალდების უუნარო პასუხი. მას მოუწევს ყველა იმ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, რომელიც ჩაიდინა, რომელიც, მათ შორის, დაადგინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ. აბსოლუტურად ყველა ბრალდებაზე უნდა გასცეს პასუხი კანონის წინაშე.
სააკაშვილი თავისი ბუნებით და არსით არის მოძალადე, არა მარტო ქვეყნის, არამედ ქართველი ხალხის მიმართ. სააკაშვილმა რაც უნდა წეროს და იკითხოს, ვის აინტერესებს საერთოდ. მისი ერთადერთი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს ის, რომ უპასუხოს ქართულ მართლმსაჯულებას და პასუხი აგოს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა. ყველაზე საოცარი არის ის, რომ ამდენი წელი გავიდა და ერთი სინანული არ ყოფილა მის მიერ ჩადენილ ამ ათასობით დანაშაულებრივ ქმედებაზე. არ უთქვამს ბოდიში, მაპატიეთ, შემეშალა. მუდმივად ახდენს საკუთარი მავნე იდეების გენერირებას საზოგადოებაში, რომელსაც უკვე მხარდაჭერა არ აქვს. სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს, არის ორი, ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო, სახეზეა ღრმა შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი, მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ“.
