ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მანანა გიორგობიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეები. აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს გაიმართება.
ცნობისთვის, მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
