ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს და სტრატეგიას წარმოადგენს ბაზრების დივერსიფიკაცია, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ამ პოლიტიკის განხორციელებას საქართველო ახდენს ეკონომიკის თითოეულ სექტორში, ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის თუ სხვადასხვა სექტორებში.
„ჩინეთი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს. უდიდესი შესაძლებლობებია, უმსხვილესი ბაზარია და ეკონომიკის ყველა სექტორისთვის არის უმნიშვნელოვანესი სამიზნე ქვეყანა. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ სტრატეგიით და სამოქმედო გეგმით, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს და იმ ურთიერთობებით, რომლებიც ყოველწლიურად ყალიბდება ქვეყნებს შორის და უფრო მეტად ღრმავდება, ყოველწლიურად ჩვენ ვნახავთ გაზრდილ ეკონომიკურ კავშირებს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
