კადრები, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე, ელმურაზ მამედოვი ჩანს – სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ კლავს ის უკრაინის ქალაქ ოდესაში ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით, თუმცა ეს მამედოვის კრიმინალურ დოსიეში ერთადერთი დანაშაული არ ყოფილა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ელმურაზ მამედოვი ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ხორცის გამყიდველის მკვლელობასაც აღიარებს და უცხოეთიდან სატელეფონო კომუნიკაციით, თანამზრახველებს, მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვის მიზნით, ახალ დავალებებსაც აძლევს.
კრიმინალური სამყაროს აზერბაიჯანული კლანის წარმომადგენელი ელმურაზ მამედოვი საქართველოში წლებია არ იმყოფება, მისი დაჯგუფების წევრები კი სამართალდამცველებმა 5 ნოემბერს, მასშტაბური სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ერთ-ერთმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაც აღიარა.
18 წლის მამაკაცი, კიდევ ორ პირთან ერთად, ფიგურირებს მარნეულში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაშიც. სექტემბერში ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ მაღაზიას და ავტომობილს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც დაზარალებულმა ელმურაზ მამედოვისთვის 50 000 დოლარის გადახდაზე უარი თქვა. დანაშაულში მონაწილეს სამი პირი უკვე დაკავებულია.
ელმურაზ მამედოვის დაჯგუფება ე.წ. კანონიერი ქურდის, ფოლად ომაროვის გავლენის ქვეშ მოიაზრება. თავად ომაროვი ამჟამად სასჯელს შეერთებულ შტატებში, ცნობილი ჟურნალისტისა და ირანელი დისიდენტის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისთვის იხდის. გატაცებისა და გამოძალვის რამდენიმე ეპიზოდზე მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული საქართველოსა და ყაზახეთშიც.
ელმურაზ მამედოვის დაჯგუფება ერთადერთი არაა, რომელიც სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად გაანეიტრალეს. ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 34 პირი, ორს ახალი ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარუდგინეს, ოთხი პირის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა, მათ შორისაა ორი ე.წ. “კანონიერი ქურდი“.
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებას წინააღმდეგობის გარეშე არ ჩაუვლია. ლაგოდეხში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა სპეცდანიშნულების რაზმს ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც მძიმედ დაიჭრა ერთი სამართალდამცველი. სპეცრაზმმა შეიარაღებული ბრალდებულის ლიკვიდაცია დაკავების ადგილზე მოახდინა.
ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენა და მოსალოდნელი ანგარიშსწორების პრევენცია – ამ მიზნით, საქართველოში, მხოლოდ მიმდინარე წელს, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 147 პირი დააკავეს, 9 ე.წ. “კანონიერ ქურდს” კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
