ბრიუსელში გამოქვეყნებულმა გაფართოების წლიურმა ანგარიშმა მწვავე რეაქცია გამოიწვია თბილისში – საქართველო ერთადერთ კანდიდატ ქვეყნად დასახელდა, რომლის პროგრესიც არ აღიარეს.
“ევროკავშირის მხრიდან მიდგომა უსამართლო და მიკერძოებულია” – აცხადებენ თბილისში და განმარტავენ, რომ ბრიუსელში გადაწყვეტილებები არა კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით მიიღება. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ევროპული ბიუროკრატიის მსგავსი მიდგომა, ურთიერთობის დაზიანებასთან ერთად, ქვეყანაში ევრო-სკეპტიციზმს ახალისებს.
სად გადის ზღვარი სამართლიან კრიტიკასა და პოლიტიკურ ზეწოლას შორის? რას ნიშნავს ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთვის და რაზე მიუთითებს ის გეოპოლიტიკურ კონტექსტში? – “კურიერი P.S.-მა” პარლამენტის თავმჯდომარესთან ინტერვიუ ჩაწერა.
“ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვაკვირდებით, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური იარაღი ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედების მოსახდენად. ამ ანგარიშს თუ შევხედავთ, ის ნაწილი, რომელიც ეხება რეალურად ინტეგრაციას, იქ დადებითი შეფასებები არის, თუმცა ძალიან მწირი, მშრალი, მოკლე და ე.წ. პოლიტიკური ნაწილი, სადაც შემოქმედებითი თავისუფლება აქვს გარკვეულწილად ევროკომისიას, არის ძალიან აგრესიული, ცრუ ნარატივებზე აწყობილი და ფართო.
საქართველო მიჰყვებოდა და კვლავაც მიჰყვება სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას. ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების მოწოდებაც, რჩევაც, სურვილიც და, გარკვეულწილად, ზეწოლაც, რომ საქართველოს 2008 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ ჰქონოდა სამხედრო რიტორიკა, ესკალაციის გზა და ა.შ. თუმცა, 2022 წლის თებერვალში აღმოჩნდა, რომ ყველამ უცებ დაივიწყა, რასაც მანამდე გვირჩევდნენ – სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საჭირო იყო ეს პოლიტიკა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ესკალაცია რუსეთთან, მოითხოვეს სანქციების დაწესებით, საზღვრის ჩაკეტვით, ცის ჩაკეტვით, ვაჭრობის შეწყვეტით და სხვადასხვა გზებით, რუსეთთან ესკალაციაში შესვლა, რისი ბოლოც საქართველომ ძალიან კარგად იცის საკუთარი უახლესი წარსულიდან.
ერთ-ერთი პუნქტი შეეხებოდა, თითქოს საქართველო სისტემატურად არ უერთდება უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციებს თუ განცხადებებს, რაც არის მტკნარი სიცრუე. ათასზე მეტ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის რეზოლუციას, განცხადებას და სხვადასხვა ინსტრუმენტს მიუერთდა ან იყო ინიციატორი საქართველო. ამის თქმა და ჩაწერა ანგარიშში ანგარიშში, აჩვენებს სამარცხვინო უმადურობას, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
