„ნაციონალური მოძრაობის“ აღიარება – პარტია რომ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებს, ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით, საკონსტიტუციო დავას იწყებს.
კერძოდ, დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავას „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით და იურისტების რჩევით იწყებს.
მისი თქმით, მთავარი არგუმენტი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ განსხვავებული აზრის ჩახშობას ცდილობს. როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შევა. პირველი უკავშირდება საგამოძიებო კომისიის დასკვნას, მეორე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მესამე კი სარჩელს, რომლითაც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას. პირველ ეტაპზე გასაჩივრდება და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად აუქმებს პარტიებს „ქართული ოცნება“ და მესამე ეტაპი, საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
