რადიკალურ ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერების პირდაპირი ინტერესი აქვს, რადგან, ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობაში დაიწყება ისეთი პროცესები, რაც მათ რევოლუციური მიზნების მიღწევაში ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის ნარატივი ყოველთვის გადის არა მოსახლეობისთვის უკეთესის შეთავაზებაზე, არამედ როგორ გაუარესდეს მდგომარეობა ქვეყანაში.
„დასავლელი პარტნიორები ეხმარებოდნენ და კვერს უკრავდნენ, რომ ქვეყანაში ვითარების გაუარესება და სანქციები ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ისინი ამ ნარატივებს მყარად მიჰყვებიან. რადიკალურ ოპოზიციას უვიზო მიმოსვლის შეჩერების პირდაპირი ინტერესი აქვს, რადგან, ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობაში ისეთი პროცესები დაიწყება, რაც მათ რევოლუციური მიზნების მიღწევაში ხელს შეუწყობს. საბოლოო ჯამში, ევროპა უნდა დაფიქრდეს, გვესმის, რომ პოლიტიკური ინტერესი აქვთ, მაგრამ, მეორეა, შორსმიმავალი სტრატეგია. რუსეთ-უკრაინის ომი ადრე თუ გვიან დამთავრდება და ევროპა და საქართველო ცხოვრებას გააგრძელებენ, მაგრამ, რა კვალს ტოვებს ევროპა საქართველოსთან ურთიერთობაში – ეს იყო ურთიერთობა კლიენტთან, რომლის მიზანი სიტუაციური გამოყენებაა, თუ ეს იყო გულწრფელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? ასე თუ იმსჯელებენ, საქართველოს უვიზო მიმოსვლას არ შეუჩერებენ, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ომის პოლიტიკური ეგოიზმი და რევანშინზმი თუ იმძლავრებს, ყველაფერი მოსალოდნელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
