აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით საუბარი შედგა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციის, საძიებო-სამაშველო ოპერაციის სამუშაოებისთვის, ასევე შემთხვევის ადგილზე გაგზავნოს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პერსონალი და მიიღოს სხვა საჭირო დამხმარე ზომები.
მედიის ცნობით, ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა ამ მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამჟამად ადგილზე მუშაობენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო კონტაქტზე არიან თავიანთ ქართველ კოლეგებთან.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ტრაგედიასთან დაკავშირებით კონტაქტს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც „საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განჯის აეროპორტი და თურქეთი. ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
