დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა შეხვედრა PACE-ს დელეგაციას, სადაც შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი ურყევი პოზიცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აბსოლუტურად ბოლომდე იქნება მიყვანილი, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით PACE-ს პოზიცია ცნობილია. თუმცა ფაქტია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღო ხმების ის რაოდენობა, რაც გასულ წელს. ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო მცდარი.
„რაც შეეხება PACE-ს დელეგაციის ვიზიტს, მათი რიტორიკა ვიცით გასული არჩევნებიდან მოყოლებული. საუბრობდნენ იმას, რომ თურმე გაყალბდა გასულ წელს არჩევნები და ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. ეს იყო ზუსტად იმ რეზოლუციაში ასახული, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო PACE-მ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შეგვეჩერებინა საპარლამენტო გუნდს მუშაობა PACE-ში. წლევანდელმა თვითმმართველობის არჩევნებმა ზუსტად ცხადყო ის, რომ გასული წლის არჩევნები არ გაყალბებულა იმიტომ, რომ ზუსტად იგივე რაოდენობის ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც მიიღო გასულ წელს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, დაელოდებიან, რა დასკვნას გააკეთებენ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები.
