თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ ჟურნალისტებთან.
მინისტრმა თურქ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მინდა, მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, გუშინ, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში განიცადა კატასტროფა. ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ეკიპაჟის წევრი. 18 მათგანი ნაპოვნია და, სამწუხაროდ, დაღუპულია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
მუდმივ კავშირში და კოორდინაციაში ვიმყოფები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. შევქმენით საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართული არიან თურქი კოლეგები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო მოქმედებებში. მოგეხსენებათ, ეს არის სამხედრო თვითმფრინავი და თურქეთის მხარესთან ერთად, შეთანხმებით ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას დეტალებზე“, – აღნიშნა გელა გელაძემ.
