საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელ ირაკლი ბერაიასა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვარლამ ავალიანს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ბერაია წლების განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე – საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში. სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მუშაობდა.
ვარლამ ავალიანი 2021-2025 წლებში მედიაჰოლდინგის გენერალური დირექტორი იყო, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს და რამდენიმე მედია პლატფორმას აერთიანებს, ასევე, 2019-2021 წლებში იყო „სტუდია მაესტრო“-ს აღმასრულებელი დირექტორი. ის 2014-2018 წლებში მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიებში კომუნიკაციების კონსულტანტად, ხოლო 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობებს. ვარლამ ავალიანი 1999-2013 წლებში იყო ჟურნალისტი სხვადასხვა ტელეკომპანიაში.


