კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებულმა საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი უკმაყოფილოა დემოკრატიის დონით და შიშობს, რომ მომავალში მას უფრო დიდი საფრთხეები დაემუქრება.
მოსახლეობა საფრთხედ აღიქვამს დეზინფორმაციას, კორუფციას, ექსტრემიზმს და მთავრობის არასაკმარის ანგარიშვალდებულებას, თუმცა დემოკრატიის ძირითადი პრინციპების მხარდაჭერა მაინც მაღალ დონეზე რჩება.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის შვიდი ქვეყნის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის 10 ათასმა ამომრჩეველმა.
Ipsos-ის მიხედვით, საფრანგეთში გამოკითხულთა 60% დემოკრატიის ხარისხით უკმაყოფილოა, ხოლო 19% – კმაყოფილი. აშშ-ში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 53%, ხოლო კმაყოფილია – 20%. გაერთიანებულ სამეფოში დემოკრატიის დონით უკმაყოფილოა 51%, ხოლო კმაყოფილია 26%. დასავლეთის ერთადერთი ქვეყანა, სადაც დემოკრატიის დონით კმაყოფილი ადამიანების რიცხვი უკმაყოფილოებს აჭარბებს, შვედეთია. იქ დემოკრატიით გამოკითხულთა 65%-ია კმაყოფილი, ხოლო 15% – უკმაყოფილო.
ამასთან, საფრანგეთში გამოკითხულთა 86% დემოკრატიის მომავალი მდგომარეობით შეშფოთებულია, ხოლო 11%-ს – არა. ესპანეთში 80%-ს დემოკრატიის მომავალი აშფოთებს, ხოლო 18%-ს – არა. პოლონეთში დემოკრატიის მომავალი 75%-ს აშფოთებს, ხოლო 22%-ს – არა. შვედეთში გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ დემოკრატიის მომავალი მდგომარეობა შემაშფოთებელი არ არის, ხოლო 41% ამბობს, რომ შემაშფოთებელია.
