აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიხეილ ევდოკიმოვი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მიზეზი კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა გახდა.
„რუსულ მხარეს შეატყობინეს, რომ აფეთქებამ გამოიწვია საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილის დანგრევა, სამსახურებრივი მანქანების, ადმინისტრაციული შენობის, საელჩოს საკონსულო სექციის და დიპლომატიური მისიის შენობის სერიოზული დაზიანება. დიპლომატიურ მისიებზე მსგავსი დარტყმები მიუღებელია. რუსულმა მხარემ საკითხზე შესაბამისი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დეტალური ახსნა მოგვაწოდოს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ღამე რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის დედაქალაქს ბომბავდნენ დრონებითა და რაკეტებით. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა.
