ვფიქრობ, ბოლო დროს მიღებული კანონები არა გამოხატვის თავისუფლებას, არამედ რადიკალიზმის გაღვივებას ზღუდავს, – ამის შესახებ ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„რეკომენდაციები, რომ ჩვენ ეს კანონი უნდა გავაუქმოთ, დაახლოებით იმ რეკომენდაციის მსგავსია, რომ საქართველო სანქციებს უნდა შეერთებოდა, უკრაინაში მებრძოლები გაეგზავნა, თითქოს საქართველო იყო შავი ხვრელი და გვაძლევდნენ რეკომენდაციებს, რომ უნდა დაგვეცვა საერთაშორისო წესი, რაც იყო მიღებული. აღმოჩნდა, რომ ეს იყო წაქეზება, რათა საქართველო რამენაირად ომში ჩართულიყო, ხოლო შავ ხვრელებთან დაკავშირებით, ეს იყო რეპუტაციის შელახვისთვის გამიზნული ქმედება, არადა თავად დასავლელი ექსპერტების მხრიდან არის შეფასებული, რომ არანაირი შავი ხვრელი საქართველოში არ არსებობს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.
მისივე შეფასებით, ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყოს მორჩილი, დაკავებული იყოს არა ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვით, არამედ უბრალოდ დაკვეთას ასრულებდეს.
„მაგალითად, არ კითხულობდეს და ისე აპროტესტებდეს გამჭვირვალობის კანონს, მაგალითად, ევროლიბერალები რომ გამოუგზავნიან წერილს და მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მას ისე წაიკითხავენ, რომ წერტილ-მძიმის შეცვლის უფლებაც არ ექნებათ. უნდათ, რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ, მაგრამ ცალ ფეხზე დგომას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმ კანონების შემოღებას, რაც ქვეყნის სტაბილურობას დაიცავს, მოქალაქეთა უფლებებს და ხელს შეუშლის რადიკალიზმის გაღვივებას“, – განაცხადა ხუნდაძემ.
ეუთო/ოდირ-მა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.
