აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სიტყვით გამოსვლის რედაქტირებისთვის „ბიბისის“ უჩივლებს და კონპენსაციის სახით ხუთ მილიარდ დოლარამდე თანხას მოითხოვს.
„სინამდვილეში, „ბიბისიმ“ შეცვალა ჩემი წარმოთქმული სიტყვები. ჩვენ მათ ვუჩივლებთ და ერთიდან ხუთ მილიარდ დოლარამდე ანაზღაურებას მოვითხოვთ. სავარაუდოდ, მომავალ კვირას. მათ აღიარეს კიდეც, რომ მოიტყუეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ჯერჯერობით არ უსაუბრია, თუმცა მასთან საუბარს გეგმავს.
„მე არ მისაუბრია კირ სტარმერთან, მაგრამ ამ შაბათ-კვირას დავურეკავ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარის გამო დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა განრისხებულია.
„ბრიტანელი ხალხი გაბრაზებულია იმით, რაც მოხდა, რადგან ეს აჩვენებს, რომ „ბიბისის“ ახალი ამბები ყალბია. თქვენ და მე ეს, დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ეს ამდენად ყალბი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბიბისი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“.
