ჩინეთმა იაპონიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, იაპონიაში არ იმოგზაურონ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩინეთსა და იაპონიას შორის დაძაბულობის მიზეზი იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სანაე ტაკაიჩის განცხადებაა.
იაპონიის პარლამენტში გასულ პარასკევს გამართული სხდომის შემდეგ, სადაც ერთ-ერთმა დეპუტატმა ტაკაიჩის ჰკითხა, ტაივანთან დაკავშირებული რა გარემოებები ჩაითვლებოდა იაპონიისთვის „არსებობის საფრთხედ?“
„ჩინეთის მხრიდან თუ იქნება საბრძოლო ხომალდები და ძალის გამოყენება, ეს, შეიძლება, წარმოადგენდეს არსებობის საფრთხეს“, – უპასუხა ტაკაიჩიმ.
„არსებობის საფრთხე“ იურიდიული ტერმინია იაპონიის 2015 წლის უსაფრთხოების კანონის მიხედვით, რომელიც ეხება იმ შემთხვევას, როდესაც მოკავშირეებზე შეიარაღებული თავდასხმა არსებით საფრთხის ქმნის იაპონიისთვის. ასეთ სიტუაციაში, საფრთხის საპასუხოდ, შესაძლოა, იაპონიის თავდაცვითი ძალები გააქტიურდნენ.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია „ცეცხლს ეთამაშება“.
