ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციებს, სადაც ვმუშაობთ და ერთად გვიხარია ის, რასაც ვაკეთებთ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბელგრადში „იგლ ჰილსის“ პროექტის – „ბელგრადი ვოტერფრონრის“ – გენერალურმა მენეჯერმა ზორანა ბურლიჩმა.
არაბულმა „იგლს ჰოლსმა“, რომელიც მალე თბილისსა და ბათუმში მასშტაბური პროექტების განხორციელებას დაიწყებს, მეგაპროექტები უკვე განახორციელა სერბეთის დედაქალაქში.
„პროექტის პირდაპირი და არაპირდაპირი წვლილი ეკონომიკაში 10 მლრდ ევროს აღწევს. პროექტი არის სამუშაო ადგილების შექმნის ნამდვილი გენერატორი. უკვე შევქმენით 20 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამ წუთას „ბელგრადის ვოტერფრონტში“ 10 000 ადამიანი მუშაობს – დიზაინერები, არქიტექტორები, უშუალოდ მშენებლობაზე დასაქმებულები, სასტუმროების პერსონალი. შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ ბელგრადში 10 000 ადამიანი ამ პროექტით ცხოვრობს. ძირითადად ადგილობრივ რესურსებს ვიყენებთ. ჩვენი კონტრაქტორები ექსკლუზიურად ადგილობრივები არიან, ეს იქნება დიზაინის ბიუროები თუ სამშენებლო კომპანიები”, – განუცხადა „იმედის კვირას“ „იგლ ჰილსის“ წარმომადგენელმა ბელგრადში.
მისივე თქმით, არაბული „იგლ ჰილსის“ პროექტი ბელგრადისთვის ტრანსფორმაციული იყო, მთელი სერბეთის უძრავი ქონებისთვის კი გარდამტეხი მნიშვნელობის.
„პროექტის ერთ-ერთი გამოწვევა მისი მასშტაბია, ძალიან დიდია და ასეც ვიტყოდი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობები. ვგულისხმობ კონტრაქტორებს, დიზაინერებს, სამშენებლო ბიუროებს.
ამიტომაც სერვისების მიწოდება და უზრუნველყოფა იყო ის, რაც უნდა გადაგველახა. ამ სექტორს ახალი სიცოცხლე შევძინეთ და დავბუსტეთ. რაც უფრო მეტად გაფართოვდა მშენებლობის არეალი, მით უფრო გაიზარდა მიწოდების მოთხოვნა და ადგილობრივი კომპანიებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ.
ეკონომიკურ გავლენაზე როდესაც არის საუბარი, აღსანიშნავია, რომ პროექტი იყო ქალაქისთვის ტრანსფორმაციული და მთელი სერბეთის უძრავი ქონებისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის. გაზარდა მოთხოვნა, სტიმული მისცა ინვესტიციებს რეკორდულ ნიშნულამდე აყვანას. სახლების ღირებულება გაორმაგდა. ჩვენს ერთ-ერთ პრემიუმ ტიპის შენობაში გვაქვს აპარტამენტები, რომელთა ღირებულებაც კვადრატულ მეტრზე 30 ათას ევროს შეადგენს, რაც წარმოუდგენელი იყო 2015 წელს“, – აცხადებს ზორანა ბურლიჩი.
„იგლ ჰილსის“ წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიას 10 წლის თავზე უკვე გაყიდული აქვს 10 000 საცხოვრებელი სახლი.
„98 პროცენტის თუ 99 პროცენტის არა, მყიდველები სერბები არიან. ნაწილი სერბეთში მცხოვრები ადამიანები არიან და ნაწილი სერბეთის მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და სურთ სამომავლოდ დაბრუნდნენ, ამისათვის უძრავი ქონება ჰქონდეთ, საპენსიო ასაკის შემდეგ ბელგრადში ჩამოვიდნენ. 1%-ზე ნაკლები უცხოელებზე მოდის. მეტი ნამდვილად არა. კომპანიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მუჰამედ ალაბარი უძლიერესი ლიდერია, უფრო მეტიც თამამი ხედვის ადამიანია. მან დაინახა ის შესაძლებლობები ბელგრადში, რასაც სხვა ვერ ამჩნევდა იმ წლებში. მაყურებელს არ უნდა დაავიწყდეს, რომ სერბეთი ქვეყანა, სადაც 30 წლის წინ იყო სამოქალაქო ომი, მძიმე შედეგებით, რაც ქალაქზე მძაფრად აისახა და ახლა ვართ ახალ ბელგრადში“, – აცხადებს „იგლ ჰილსის“ ბელგრადის პროექტის მენეჯერი.
