სოციალური მიმართულებით დაახლოებით 540 მლნ ლარით გაიზრდება ბიუჯეტი, რაც მოხმარდება საპენსიო უზრუნველყოფას და სხვადასხვა სახის სოციალურ განაცემებს, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.
მისივე განმარტებით, 2 მილიარდ 100 მილიონი ლარია გამოყოფილი ჯანდაცვის მიმართულებით, რაც 2025 წლის მოცულობას 175 მლნ ლარით აღემატება.
„გაფართოვდება ჯანდაცვის პროგრამები. ბუნებრივია, აღნიშნული თანხებით სრულად იქნება დაფარული სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა განმარტა ისიც, რომ საჯარო მოხელეების ხელფასების მოწესრიგების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, მომავალ წელს საჯარო მოხელეებს ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ.
„მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ საჯარო დაწესებულებებში საჯარო მოხელეების ხელფასების მოწესრიგების მიმართულებით, რომელიც უკვე საკანონმდებლო დონეზეა ასახული და ბოლო 4 წელია ხელფასები 10%-ით იზრდება, მომდევნო წელსაც საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ 10%-ით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
