ოპონენტები არაბულ ინვესტიციას იმიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში, რომ პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოაქვს, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ .
მისივე განმარტებით, საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა.
„აღნიშნულთან პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. არ ვიცი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო. მის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ პლუსები და პოზიტივი აქვს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და არც მანამდე მახსოვს, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში. ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს – იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
