პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, კარლოს მარტინს სეგლიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის ორმხრივი ურთიერთობები.
„ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ბრაზილიის პარლამენტის – ეროვნული კონგრესის ქვედა, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან ჟენევაში გამართული ნაყოფიერი შეხვედრა. მხარეებმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაზე. შალვა პაპუაშვილი ელჩს საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიის რეგიონული პოლიტიკა, ასევე, 2026 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრაზილიის მომზადების პროცესი.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს თავის საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
