საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მათ უნარჩუნდებათ კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ აღარ გაიხსნება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები და საქართველოში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მისცენ ხმა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, არჩევნებში ხმის მიცემის წესის ცვლილებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხმის მიცემის მსგავსი პრაქტიკა არსებობს ისრაელში, ირლანდიაში, სომხეთში, მალტასა და მთელ რიგ ქვეყნებში.
„ადამიანები, რომლებიც ირლანდიას ტოვებენ 18 თვის განმავლობაში მათ არ აქვთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, ისინი ვალდებულები არიან, რომ დაბრუნდნენ ქვეყანაში. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ 20 ამომრჩეველი მაინც არ არის კონკრეტულ ქვეყანაში, საარჩევნო უბანი არ იხსნება, ასევე არ იხსნება საარჩევნო უბნები იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.
თუ ყველგან არ იქნება საარჩევნო უბნები გახსნილი საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩამობრძანდნენ საქართველოში, რეალურად ნახონ რა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოცემულობაა ქვეყანაში და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
