თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი თითქმის აღარ არსებობს, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ევროპარლამენტის წევრმა, დიპლომატმა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა.
მან ამ თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა.
„აშკარაა რომ ომის ნაკლებობას მსოფლიო ამჟამად არ განიცდის, მხედველობაში მაქვს უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. როგორ მივიდა მსოფლიო ამ ეტაპამდე და რას ფიქრობთ ევროპის პოზიციაზე?“ – მიმართა მას გადაცემის წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა.
პასუხად ევროპარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქცევა ხშირად გაეროს ქარტიის საწინააღმდეგოა.
„თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო სამართალი თითქმის, აღარ არსებობს, მისი ინტერპრეტაცია ყველას მიერ განსხვავებულად ხდება, ყველა იმას აკეთებს, რაც სურს – განსაკუთრებით კი დასავლეთი, რომელიც ხშირად სამხედრო ინტერვენციით არის დაკავებული სხვა სახელმწიფოებში, ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს კი გაეროს ქარტიის საპირისპირო ქცევაა.
აუცილებელია, რომ დავუბრუნდეთ გაეროს ქარტიის ჩარჩოებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ იმედი შევინარჩუნოთ. მსურს, გაგიზიაროთ პირადი სიახლე, მე რამდენიმე დღის წინ შვილიშვილი შემეძინა, ელისა, ის ჯანმრთელია და რაც მთავარია, მასში ქართული სისხლი ჩქეფს. ჩემი დიდი ბებია ქართველი იყო, ჩემი შვილიშვილი ელისა კი ასევე მშვენიერია, როგორც ის. ეს არის სწორედ იმედი და იმედი აუცილებელია. თუ იქნება იმედი, იქნება მშვიდობაც. მშვიდობისთვის კი გაეროს ქარტია აუცილებელია“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
