სარაევოში, დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაზე, „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროინტეგრაციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს არ შეუჩერებია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით სახელმწიფო რეფორმებს ყოველდღიურად ატარებს.
„საქართველო მტკიცედ ერთგული რჩება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის. ჩვენ ასოცირების შეთანხმების დაახლოებით 70 პროცენტზე მეტი შევასრულეთ. ასოცირების შეთანხმება არა მხოლოდ ჩვენი ვალდებულებაა, ევროკავშირის მხარის ვალდებულებაცაა. მანაც უნდა შეასრულოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ ევროკავშირი ფაქტობრივად არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, ვგულისხმობ დიალოგის პროცესს, რომელიც ევროკავშირის კომისიის მხრიდან შეჩერდა. ევროკომისიის მხრიდან იყო ხმამაღალი განაცხადები, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესი არ არის შეჩერებული.
„ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციას. ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას და ევროპულთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას. 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთადერთი რაც მოხდა იყო ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ვერ გამოეყენებინათ ევრობიუროკრატებს როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად და განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე არ მოვითხოვდით. რატომ? იმიტომ, რომ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების დაწყებისთვის მხოლოდ 2028 წელს ვიქნებით მზად, რადგან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების სრული სპექტრი ამ დროისთვის შესრულდება, მანამდე თავად ევროკავშირმა განაცხადა, რომ გაფართოებისთვის მზად არ იქნებოდა 2030 წლამდე. ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ 2028 წელს დაგვეწყო, როდესაც ასოცირების შეთანხმებას სრულად შევასრულებდით და თავად ევროკავშირი იქნება მზად მოლაპარაკებების დასაწყებად და გაფართოებისთვის, რათა კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთოს ევროპის ერთიან ბაზარზე“, – აღნიშნა სეფაშვილმა.
