მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი და „პატრიოტული ბლოკის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ დოდონი უკრაინის კორუფციულ სკანდალს ეხმაურება და ქვეყანასთან ოფიციალური ურთიერთობის გაწყვეტას ითხოვს.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში მოლდოვამ უკრაინიდან ასობით ათასი ლტოლვილი მიიღო და ქვეყნისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარება კვლავ მოლდოვის გავლით გადის. იგორ დოდონმა აღნიშნა ისიც, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას მხოლოდ უკრაინასთან ერთად განიხილავს, ახლა კი, მისივე თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ომის საფარქვეშ უკრაინის ხელმძღვანელობა მოსახლეობას ძარცვავდა.
„მე მჯერა, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში აუცილებელია უკრაინაში კორუფციის ფაქტების შეფასება. გარემოებები სრულად ვიდრე არ გაირკვევა და გამოძიება არ დასრულდება, უკრაინის ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედების ყველა ფორმა უნდა შეწყდეს“, – წერს მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.
დოდონის აზრით, მოლდოველები არ უნდა ელოდნენ, რომ მაია სანდუ ამ მოვლენებს დაგმობს, რადგან, მისივე თქმით, სანდუ ქვეყანას იმავე ინსტრუქციებით მართავს, რითიც ვოლოდიმირ ზელენსკი.
