უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ფედორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სფეროში მასშტაბური კორუფციული სკანდალის ფონზე პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უნდა გადადგეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლების“ ეთერში განაცხადა. დეპუტატის თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარეობს დისკუსია, რომ ერმაკი უნდა წავიდეს, თუმცა, როგორც ვენისლავსკიმ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა მიიღოს.
„მე არ მომითხოვია პრეზიდენტისგან ანდრეი ერმაკის გათავისუფლება, თუმცა მიმაჩნია, რომ ბატონი ერმაკის გადადგომა ამ შემთხვევაში ნამდვილად დაწევდა გარკვეულ მღელვარებას მთავრობის გარშემო, რადგან საიდუმლო არ არის, რომ მთავრობა ყალიბდებოდა ძირითადად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ოფისში მხარი დაუჭირეს გარკვეულ კანდიდატურებს: იყო ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება თუ ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება, ამას ვერ ვიტყვი, რადგან ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. „ხალხის მსახურის“ პარტიაში მართლაც დღეს ბევრი საუბარი იყო, რომ ბატონი ერმაკი უნდა წავიდეს, თუმცა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება – ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, დაველოდოთ, როდის დაბრუნდება ის და გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
დეპუტატის თქმით, ერმაკის გადაყენების შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია „გოლოსის“ წევრმა, დეპუტატმა იაროსლავ ჟელენზიაკმა განაცხადა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ნახსენები ფსევდონიმის „ალი -ბაბას“ უკან ადნრეი ერმაკი იგულისხმება.
ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
შეგახსენებთ, უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო კორუფციულ სქემას იძიებენ, რომლის ორგანიზატორად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახლო მეგობარს, სტუდია „კვარტალ 95-ის“ თანამფლობელს, ტიმურ მინდიჩს ასახელებენ. როგორც ანტიკორუფციულ უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელიც მოქმედებდა სახელმწიფო სექტორის სტრატეგიულ საწარმოში, კერძოდ, „ენერგოატომში“. უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის გამოძიება – ოპერაცია „მიდასი“ 15 თვე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში დეტექტივების განკარგულებაში საქმის ფიგურანტების საუბრის ათასობით საათის ჩანაწერი აღმოჩნდა.
