მსურს ხაზი გავუსვა, რომ მდგრადი მშვიდობისა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც, ბუნებრივია, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ეს ისტორიული შეთანხმება სამხრეთ კავკასიის სამომავლო, გრძელვადიანი განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.
„რა თქმა უნდა, საქართველო კვლავ მზადაა საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. მწამს, რომ ჩვენი თანამშრომლობა, მეგობრობა და პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სამაგალითო ურთიერთობების სულისკვეთებით გაგრძელდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
დასასრულ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგას, საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
