გასულ თვეში, ჰონგ-კონგში მომხდარი ფატალური ავიაკატასტროფის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავის ძრავამ დაშვების შემდეგ სიჩქარის აკრეფა დაიწყო – ამის შესახებ სამშაბათს გამოქვეყნებულ წინასწარ ანგარიშშია აღნიშნული. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
20 ოქტომბერს დაშვების შემდეგ, თურქული ავიაკომპანია ACT Airlines-ის მფლობელობაში მყოფი Boeing 747, რომელიც ჰონგ-კონგში დუბაიდან ჩაფრინდა, აეროპორტის სამხრეთ კიდეს გასცდა და დაცვის საპატრულო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილიც და თვითმფრინავიც ზღვაში ჩავარდა, მანქანაში მყოფი ორი თანამშრომელი დაიღუპა, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხი წევრი კი უვნებელი გადარჩა.
ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებული მონაცემების თანახმად, ფრენა და პირობები, მათ შორის ამინდი, ასაფრენი ბილიკის პირობები და საჰაერო მოძრაობის კონტროლი, ნორმალური იყო, სანამ თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკს გასცდებოდა.
საჰაერო შემთხვევების გამოძიების განყოფილების ანგარიშში, ავიაკატასტროფა კლასიფიცირებულია, როგორც უბედური შემთხვევა. ასევე აღნიშნულია, რომ დაშვების შემდეგ, ნომერ 4-მა ძრავამ სიჩქარეს მოუმატა.
კაბინის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ძრავების 1, 2 და 3 ბიძგის მართვის ბერკეტები დახურული იყო, ხოლო ბიძგის შებრუნების ბერკეტები მაქსიმალურ პოზიციაზე იყო დაყენებული.
“ძრავ 4-ის ბიძგის მართვის ბერკეტი სრულად წინ იყო გადაწეული. ძრავ 4-ის ბიძგის შებრუნების ბერკეტი, ასევე სრულად წინ იყო გადაწეული“, – ნათქვამია ანგარიშში.
ბიუროს განცხადებით, გამოძიება ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ რატომ იყო ძრავის 4 მართვის ბერკეტი ამ მდგომარეობაში და არსებობდა თუ არა პრობლემები, რამაც კონტროლის დაკარგვა გამოიწვია.
