ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„დღევანდელ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით სტამბოლის პროცესის პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით გაგრძელების აუცილებლობას. გვჯერა, რომ სასარგებლო იქნება სტამბოლის პროცესის ხელახლა გააქტიურება უფრო ყოვლისმომცველი მიდგომით, რომელიც გადაჭრის მწვავე პრობლემებს. ველოდებით, რომ ყველა ჩვენი პარტნიორი, ვისაც სურს რეგიონში სისხლისღვრის შეჩერება, სტამბოლის პროცესთან დაკავშირებით კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენს. თუმცა ჩვენ, თურქეთი, ყოველთვის მზად ვართ, რუსეთთან განვიხილოთ წინადადებები, რომლებიც დააჩქარებს ცეცხლის შეწყვეტას და გზას გაუხსნის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. ამ კონტექსტში ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი მოკავშირის, ამერიკის, ჩართვას პროცესში“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
„თურქეთის პრინციპული პოზიცია რუსეთთან ომთან დაკავშირებით უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჯერა თურქული დიპლომატიის ძალისა და მოსკოვში მისი გაგების უნარის. ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე პატიმრების გაცვლა განახლდება. თურქეთი ამ მხრივ დიდ მხარდაჭერას გვიწევს.
ჩვენ არსებითად ვისაუბრეთ დიპლომატიაში არსებულ ვითარებაზე. ახლა კი ბევრი პროცესი გააქტიურდა და ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ყველა აქტივობა კონკრეტულად მშვიდობისკენ იყოს მიმართული – სამართლიანი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოებისკენ. ომი უნდა დასრულდეს; მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომის წარმოებისა და მკვლელობების ჩადენისთვის ჯილდო არ შეიძლება იყოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
