სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, ოფიციალური ბრატისლავა 2028 წლიდან რუსული გაზის მიწოდების შეჩერების გეგმების გამო ევროკავშირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას განიხილავს.
ფიცოს მტკიცებით, სლოვაკეთის მთავრობა სარჩელის შეტანის შესაძლებლობას მომავალ კვირას განიხილავს.
როგორც პრემიერი აცხადებს, მთავრობა ევროკომისიის მიერ რუსულ გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით წარმოდგენილ წინადადებებსაც განიხილავს.
„ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ევროკომისია სლოვაკეთის მიმართ თავის ვალდებულებებს, რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტმა მისცა და ხელი მოაწერა. ასევე, მინდა, გავიმეორო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გაზის ნაკადის შეჩერების გადაწყვეტილების წინააღმდეგია. მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც სხვა შემთხვევაში ერთსულოვნება უნდა სჭირდებოდეს, მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ იყო მიღებული და არღვევს ევროკავშირის რამდენიმე ძირითად რეგულაციას. ჩვენ ასევე უკრაინისთვის 140 მილიარდი ევროს გადაცემის წინააღმდეგი ვართ. ასევე არ ვარ რაიმე ფინანსური ან იურიდიული მექანიზმის მომხრე, რომელიც გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ფიცომ.
