ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და სომხეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი თბილისსა და ერევანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონესაც გაუსვა ხაზი.
„გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ერთიან პოზიციაზე ვართ, რომ სამხრეთ კავკასია, როგორც ერთიანი რეგიონი, ბევრად უფრო მიმზიდველი და საინტერესოა პოტენციური ინვესტორებისთვის, ამიტომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას და ვფიქრობთ, რომ როდესაც 3 ქვეყანა ერთიანი პოზიციით გამოვა, ეს სამივეს ინტერესებს მოემსახურება.
ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებაზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სომხეთს სამოქმედო გეგმა ცოტა ხნის წინ გადაეცა და შევპირდით, რომ გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას.
ასევე, საუბარი გვქონდა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებაზე და კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ვიზიტების დინამიკა ბოლო დროს უპრეცედენტოა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად მაღალ ნიშნულზეა“, – განაცხადა სამხარაძემ.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებზე. მხარეებმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანამ კარგად იცის მშვიდობის ფასი და, შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგებიან.
