ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტია – რაც არ შეიძლება ჩვენთვის, მისაღებია მათთვის, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ რუსეთისგან 310 მილიარდის ღირებულების პროდუქციის შეძენასთან და მათ შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველას სურვილია, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს.
„ჩვეულებრივი, ორმაგი სტანდარტია. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მაგალითად, რაღაცას ჩვენ გვიკრძალავენ და თავად აკეთებენ. ის, რაც არ შეიძლება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მისაღებია მათთვის. ყველაფერი ძალიან მარტივია – ყველა გამოდის საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას უნდა, თავისი ქვეყანა ეკონომიკურად იყოს განვითარებული. ამ შემთხვევაში, ჩვენ თუ გავითვალისწინებთ და შევხედავთ დიდ ქვეყნებს, თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნების ხარჯზე, როგორიც არის საქართველო, რატომ? ჩვენ სულელები ხომ არ ვართ? რატომ უნდა გავაკეთოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩემი ხალხისთვის, ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი? ისინი, რა თქმა უნდა, თავიანთ ქვეყანაზე ფიქრობენ. არ იფიქროთ, რომ ბრიუსელში წამოსკუპებულ რომელიმე ბიუროკრატს დღე და ღამე არ სძინავს ჩვენზე ფიქრით, როგორ განვითარდეს საქართველო და როგორ იყოს ყველაფერი კარგად. სულ ამით არიან დაკავებულები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოში მმართველი პოლიტიკური გუნდი ახორციელებს, სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებზეა მორგებული.
„ყველა თავის თავზე ფიქრობს და ჩვენს ქვეყანას ჩვენვე უნდა მივხედოთ. ამიტომ, იმ პოლიტიკით, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ და ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ჩემი საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იქნება მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
