„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა პროფესიული სასწავლებლების დამატებითი სტიმულაციისთვის სამეწარმეო საქმიანობის უფლების მინიჭების საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობისას განაცხადა, ინიციატივა მისასალმებელია, თუმცა, საჭიროა ეს საკითხი მკაფიოდ განისაზღვროს კანონპროექტში, რათა სასწავლებლების კომერციულმა საქმიანობამ ხელი არ შეუშალოს მის უმთავრეს მიზანს – სწავლას.
ეკა სეფაშვილმა შესაბამისი შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას მიმართა.
„საინტერესო ინიციატივაა და ეს არ არის დღის წესრიგში მისი წამოჭრის პირველი შემთხვევა. წინა მოწვევის პარლამენტშიც რამდენიმეჯერ იყო ეს ინიციატივა წამოჭრილი, რათა პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება. ინიციატივა თავისთავად მისასალმებელია.
რადგან პრინციპების დონეზე განვიხილავთ ამ საკითხს, მაქვს ასეთი შეკითხვა არის თუ არა კანონპროექტში გათვალისწინებული მსგავსი კომერციული საქმიანობისთვის გარკვეული ჩარჩოების და შეზღუდვების დაწესება იმისთვის, რომ როდესაც სასწავლებლები ასეთ საქმიანობაში ჩაერთვებიან, ამან ხელი არ შეუშალოს მოცემული სასწავლებლის უპირველეს მიზანს – სწავლას. მათი ტექნიკისა და სხვა საშუალებების გამოყენება არ გადაიზარდოს იმაში, რომ უდიდესი წილი დაეთმოს კომერციულ საქმიანობას და ამასობაში, დაივიწყონ პირველადი ამოცანა, რაც პროფესიულ სასწავლებელს აქვს – სწავლა-განათლება. ამ მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე ე.წ. ჩარჩოს დაწესება იმისთვის, რომ ორი კომპონენტის შეთავსებით მივიღოთ უკეთესი პროდუქტი და არა უარესი და მდგომარეობა გართულდეს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ სამინისტროს მიდგომა მისასალმებელია. სეფაშვილის თქმით, სასურველია კანონპროექტში გაჩნდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც დაარეგულირებს კომერციული საქმიანობის შეთავსებას სასწავლო პროცესთან. „ხომ არ ჯობია დაზუსტების მიზნით კანონპროექტში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც დაარეგულირებს კომერციული საქმიანობის შეთავსებას პროფესიული სასწავლებლის ძირითად მიზანთან. ისე რომ არ მოხდეს, რომ პროფესიული სასწავლებელი გარდაიქმნას კომერციულ სტრუქტურად,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
თავის მხრივ, ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ მინისტრი განსაზღვრავს იმას, რომ პროფესიული საქმიანობა არ აცდეს სასწავლებლის ძირითად საქმიანობას. საუბარია დამატებით საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე. კანონპროექტი სწორედ ითვალისწინებს იმას, რომ სასწავლო პროცესის დროს შექმნილი პროდუქციის რეალიზება მოხდეს და თუ საჭირო გახდება, მეორე მოსმენისას საკითხს დაზუსტებისთვის შესაძლებელია მასზე მსჯელობა.
