დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, საჭიროა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ წინსვლა, არსებული რეალობიდან გამომდინარე. მისი თქმით, დონალდ ტრამპსაც ეს სურს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იოჰანესბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სტარმერის თქმით, ის ახლახან ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან ერთად.
„ჩვენ ყველას გვინდა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა, ამას ამერიკის პრეზიდენტიც ითხოვს, ამას ყველა ჩვენგანი ვითხოვთ. ამ მიზნისკენ უნდა ვიმოძრაოთ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს, მაგრამ პრინციპი, რომ უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი საკუთარი სუვერენიტეტით, ეს ფუნდამენტური პრინციპია,“ – განაცხადა სტარმერმა.
