აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს ფრონტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით პესიმისტური პროგნოზი გააკეთა და დაჟინებით მოითხოვა ამერიკული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვერსიის მიღება. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დრისკოლმა თავის უკრაინელ კოლეგებს უთხრა, რომ მათი ჯარები ბრძოლის ველზე მძიმე სიტუაციის წინაშე დგანან და რუსეთის ძალებთან გარდაუვალი მარცხი ელოდებათ.
მისი თქმით, რუსები ზრდიან საჰაერო დარტყმების ტემპს, აქვთ ფაქტობრივად შეუზღუდავი რესურსები და შეუძლიათ გაჭიანურებული ომის წარმოება ტემპის დაკარგვის გარეშე. მან ხაზგასმით აღნიშნა – „შემდგომი ლოდინი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებით“.
ამერიკულმა დელეგაციამ ასევე გააფრთხილა, რომ აშშ-ის თავდაცვითი კომპლექსი ვეღარ უზრუნველყოფს უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების საჭირო მოცულობით.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, სამშვიდობო გეგმის წარდგენის შემდეგ, დრისკოლის გზავნილი პირდაპირი იყო: „თქვენ აგებთ, და თქვენ უნდა მიიღოთ შეთანხმება“.
თუმცა, უკრაინულმა მხარემ თქვა უარი დოკუმენტის თავდაპირველი ვერსიის ხელმოწერაზე, რომელიც კიევში კრემლის წინაშე ფაქტობრივ კაპიტულაციად შეაფასეს.
