საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, EAGLE HILLS-ის პროექტზე სასაუბროდ მივიდა, საკითხთან დაკავშირებით კითხვით მიმართა. დიმიტრი ხუნდაძემ ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მიერ საზოგადოების ნაწილში გაჩენილ კითხვას, თუ რამდენად შეუქმნის საფრთხეს EAGLE HILLS-ის პროექტი საქართველოში დემოგრაფიულ ვითარებას.
„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერო, თქვენი მხრიდან იმდენად ამომწურავი იყო ინფორმაცია, რომ სწორედ ამიტომ კითხვები ნაკლები გაჩნდა. ჩემს კითხვასთან დაკავშირებითაც ამომწურავად გაეცით პასუხი, მაგრამ, რადგან საზოგადოებაში მაინც დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მუსირებს სპეკულაციები და ისე აყენებენ საკითხს, რომ თითქოს [კომპანია Eagle Hills-ის მიერ საქართველოში $6.5 მილიარდამდე ინვესტიცია] ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას დაამძიმებს (ისე, მათთვის მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ცნობიერების დაქვეითება და ოჯახური ფასეულობების დაზიანება ყველაზე მეტად ამძაფრებს ნებისმიერ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს – ლგბტ პროპაგანდა არ არის საუკეთესო გამოსავალი დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ), ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რა, თუნდაც თეორიული უარყოფითი ეფექტი შეიძლება იქონიოს დემოგრაფიულ ვითარებაზე საქართველოში? დიდი მადლობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი მოქალაქეობის მიღებასთან არავითარ კავშირში არ არის – ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას, შესაბამისად, აღნიშნული თემა უსაფუძვლოა.
